ცნობილი ფაქტია, რომ პუბერტატის ასაკში მოზარდის ფსიქიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება. ის ცდილობს თავის დამკვიდრებას. აქვს პროტესტი და წინააღმდეგობა უფროსების და მათ მიერ შეთავაზებული წესების მიმართ. ეძებს თავგადასავალს, მძაფრ შეგრძნებებს. ცდილობს საკუთარი იდენტობის პოვნას და ამ პროცესში უამრავ წინააღმდეგობას აწყდება. რისკები არა მხოლოდ მოზარდის ასაკობრივ თუ პიროვნულ თავისებურებებში, არამედ ხშირ შემთხვევაში, მის სოციალურ გარემოშიც მრავლადაა. ოჯახი და სკოლა, ეს ის ძირითადი ინსტიტუტებია, რომლებშიც ბავშვს თავისი დროის უდიდესი ნაწილის გატარება უწევს, და რომლებიც მის განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ. ჩვენს რეალობაში კი არცერთი მათგანი არ არის მზად ბავშვის ჰარმონიულად აღსაზრდელად, სკოლაც და ოჯახიც ბავშვისთვის უმეტესად ძალადობის წყაროს წარმოადგენს, ნაცვლად მხარდაჭერისა. სწორედ ამ ასაკში მოზარდს საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებლობის აღება უწევს. ქართული კანონმდებლობის მიხედვით, 14 წელი მართლმსაჯულების ქვედა ზღვარია, რაც ნიშნავს იმას, რომ უკვე 14 წლის მოზარდი საკუთარი ქმედების გამო შეიძლება სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს. მათ შორის, ის შეიძლება მოხვდეს პენიტენციურ სისტემაში, რაც მის ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის.

იმის გათვალიწინებით, რომ მოზარდობის პერიოდში დელინქვენტური ქცევა ნორმადაც კი მიიჩნევა, ასევე, იმის გამო, რომ ამ ასაკში მოზარდებს ბოლომდე არ შეუძლიათ საკუთარი ქმედების შედეგების პროგნოზირება და გააზრება და უფროსების მხრიდან დაშვებული სულ მცირე შეცდომის გამოც კი შესაძლებელია, მოზარდის მომავალი რადიკალურად შეიცვალოს. განვითარებულ სამყაროში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება ზრდასრულთა მართლმსაჯულებისგან დამოუკიდებლად ბევრად უფრო მაღალი სტანდარტების დაცვითა და ლიბერალური მიდგომებით ხორციელდება.

საერთაშორისო სტანდარტები, რომელთა შესრულების ვალდებულება საქართველოსაც აქვს,  დიდწილად სულ ახლახან მიღებულ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში აისახა. საქართველომ ბავშვების მიმართ აღდგენითი (მიდგომა, რომელიც მიზნად ისახავს დამნაშავისა და დაზარალებულის რეაბილიტაციას, ზიანის ანაზღაურებას, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას) მართლმსაჯულების პრინციპების დანერგვა 2010 წელს, ერთი მხრივ, არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის (როგორც პასუხისმგებლობის ალტერნატიული ფორმის) ამოქმედების და, მეორე მხრივ, სასჯელაღსრულების და პრობაციის სფეროში ფსიქო-სოციალური სამსახურის დანერგვით დაიწყო. დღეს კი ბავშვთა მართლმსაჯულება სხვა, ბევრად უფრო მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი თავს უყრის ყველა იმ რეგულაციას, რომელიც არამხოლოდ კანონთან კონფლიქტში მყოფ, არამედ მოწმე და დაზარალებულ ბავშვებსაც ეხება. კოდექსი არაერთ სიახლეს გვთავაზობს და ის მაქსიმალურად მიახლოებულია იმ საერთაშორისო სტანდარტებთან, რომელიც მართლმსაჯულების სისტემასთან შეხების მქონე არასრულწლოვნებთან მოპყრობის წესებს ადგენს. იმისთვის, რომ კოდექსი საკანონმდებლო ორგანოს არსებული ფორმით მიეღო, უამრავი უწყებისა და ადამიანის შრომითი რესურსი დაიხარჯა. კოდექსზე თვეების განმავლობაში მუშაობდნენ სახელმწიფო უწყებები, მის განხილვასა და დახვეწის პროცესში  კი აქტიურად იყვნენ ჩართულნი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათ შორის, „საქართველოს კოალიციამ ბავშვთა და ახალგაზრდების კეთილდღეობისათვის“ მოამზადა სრული პაკეტი კოდექსის მუხლების გაუმჯობესებული ფორმულირებებისა, რაც გადაწყვეტილების მიმღებთა მიერ თითქმის სრულად იქნა გათვალისწინებული. ერთი სიტყვით, სამუშაო პროცესი, შიდა განხილვებიდან დაწყებული საკომიტეტო მოსმენების ჩათვლით, საკმაოდ ჯანსაღად და პროდუქტიულად წარიმართა, რისი წყალობითაც შესაძლებელი გახდა სფეროში ისტორიული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტის შემუშავება და დამტკიცება.

კოდექსის მიღებით პერსონალურ სიამაყეს და სიხარულს განვიცდით ყველა, ვისაც სულ მცირე წვლილი მაინც მიგვიძღვის მის შექმნასა და დამტკიცებაში, ან უბრალოდ ამ სფეროში ვმოღვაწეობთ. ახლა კი სწორედ ის ეტაპი დადგა, როდესაც კოდექსით გათვალისწინებული ნორმებისა და სტანდარტების პრაქტიკული იმპლემენტაცია უნდა დაიწყოს. შესაბამისად, თითოეული ჩვენგანის ჩართულობა კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია.  ახლა მთავრობა და მასთან ერთად საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დგანან. ბუნებრივია, კოდექსი ვერ დაარეგულირებს ყველა დეტალს. ამდენად შემდგომ ეტაპზე თითოეულ შესაბამის სამინისტროს თუ უწყებას კანონქვემებარე აქტების მიღება და შემდეგ უკვე მათ შესაბამისად მოქმედება მოუწევს. სწორედ ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია, რომ მათზე კონტროლი განახორციელონ საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, რათა სახელმწიფო სტრუქტურებმა არ იეშმაკონ და არ მიმართონ წარსულში არაერთხელ გამოცდილ „გამოძრომის“ შესაძლებლობებს.

ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა არის ის, რომ მართლმსაჯულების ყველა ეტაპზე  (იქნება ეს პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო, პრობაცია თუ პენიტენციური სისტემა) არასრულწლოვნებთან ურთიერთობა სპეციალურად მომზადებულ პროფესიონალებს ექნებათ, რაც შექმნის შესაძლებლობას, რომ ეს პროცესი ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებითა და აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპებზე დაფუძნებით განხორციელდეს. მომავალში კოდექსი სწორედ სტანდარტების შესაბამისად შერჩეულ და ხარისხიანად გადამზადებულ პროფესიონალებზე დადგება. ეს ეტაპი დიდწილად სახელმწიფო უწყებებზეა დამოკიდებული. სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული რეგულაციების თანახმად დღესდღეობით სპეციალური გადამზადება უნდა გაიაროს ყველა თანამშრომელმა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რომლებიც მინისტრის ბრძანებით დარეგულირდება.  მსგავსი საგამონაკლისო ნორმის არსებობა კი ზემოთ აღნიშნული პრინციპის განხორციელებას უქმნის საფრთხეს, რადგან ერთ პროფესიონალსაც კი, რომელიც არ იქნება მომზადებული არასრულწლოვნებთან მუშაობის სპეციფიკაში, არასწორი ქმედებით ან/და გადაწყვეტილებით ბავშვისთვის ზიანის მიყენება შეეძლება.

რა ხდება დღეს და რა უნდა შეიცვალოს ახალი კოდექსის გათვალისწინებით:

პენიტენციურ სისტემაში ბავშვთა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია და ცულიარ არის. პირთა წრე, რომელსაც აქვს ამ ტიპის ინფორმაციაზე წვდომა თითქმის შეუზღუდავია, არ აღირიცხება ამ ინფორმაციის გაცნობისა და გამოყენების შემთხვევები, მისი გაზიარება ხდება არამხოლოდ სისტემის შიგნით, არამედ სამართალდამცავ სისტემებთანაც. რაც მთავარია, ასეთ ინფორმაციაში მოიაზრება არა მხოლოდ ფაქტობრივი მონაცემები, არამედ ისეთი ინფორმაციაც, რომელიც შეფასებითია (ხშირ შემთხვევაში, არ ექვემდებარება პროფესიონალური ინსტრუმენტით შეფასებას და არც ხდება რაიმე ინსტრუმენტის გამოყენებას), დაკავშირებულია ადამიანის პიროვნულ იდენტობასთან და იწვევს მისთვის იარლიყის მიკერებას. ხშირ შემთხვევაში, ამ ტიპის ინფორმაციის წარმოება, შენახვა და გაზიარება არ ემსახურება არც უსაფრთხოების და არც სხვა რაიმე ლეგიტიმურ მიზანს.

ამ ტიპის ინფორმაციას შეიძლება განეკუთვნებოდეს მაგალითად „კრიმინალური მენტალიტეტი“, რაც იარლიყების მიკერების თეორიის თანახმად, უკარგავს მოზარდს შესაძლებლობას, რომ ამ დაღს როდესმე თავი დააღწიოს, გადააფასოს თავისი ღირებულებები და შეცვალოს ქცევა. არადა, კვლევებით დამტკიცებულია, რომ კრიმინალური ქცევის მქონე მოზარდთა დაახლოებით 80% ამ ტიპის ქცევას ზრდასრულობის მიღწევისთანავე წყვეტს, თუკი არ მოხდება მისთვის ამ ტიპის იარლიყის მიკერება.

ასეთივე ინფორმაციას განეკუთვნება ხოლმე მოზარდის სექსუალობასთან დაკავშირებული ინფორმაცია. არადა, ისიც ცნობილია, რომ სექსუალური ქცევა ხშირ შემთხვევაში არ არის დაკავშირებული ორიენტაციასთან და შესაძლებელია სიტუაციურად იყოს განპირობებული, განსაკუთრებით აქტუალურია ეს ისეთ ინსტიტუციაში, როგორიც პენიტენციური დაწესებულებაა. მოზარდისთვის სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული იარლიყის მიკერება და ამ ტიპის ინფორმაციის უწყებებს შორის გაზიარება დაკავშირებულია  მის მიმართ მთელი ცხოვრების განმავლობაში  ჰომოფობიური შევიწროების, დევნისა და შანტაჟის მაღალ რისკთან.

სწორედ ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ მკაფიო და გამჭვირვალე გახდეს პენიტენციურ სისტემაში მყოფ მოზარდთან დაკავშირებით მონაცემების წარმოების, შენახვისა და გაზიარების პროცედურები. ამ ტიპის ინფორმაციაზე წვდომა და მოზარდთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების უფლება კი უნდა ჰქონდეთ სპეციალურად მომზადებულ პროფესიონალებს,  მათ შორის მულტიდისციპლინარულ გუნდს, უსაფრთხოების სამსახურსა და მენეჯმენტის რგოლს. მანამდე და მის შემდეგ კი, „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით ამ პროცესის აქტიურ მონიტორინგს განვახორციელებთ, რათა მართლმსაჯულება ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად განხორციელდეს და არცერთ ბავშვს არ შეექმნას უფლებების დარღვევის რისკი პატიმრობის პროცესში ან მის შემდგომ. ამ საქმეში კი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სახალხო დამცველისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის მხარდაჭერის იმედი გვაქვს.